რა არის გენმოდიფიცირებული საკვები და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას?

რა არის გენმოდიფიცირებული საკვები და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას? 

                                                                                                       

 გენმოდიფიცირებული, იგივე გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები არის ისეთი საკვები, რომელიც წარმოებულია იმ მცენარეებისგან ან ცხოველებისგან, რომელთა დნმ-იც შეცვალეს პირდაპირი გზით, ეს გულისხმობს ორგანიზმის დნმ-ში სასურველი თვისებების მქონე სხვა ორგანიზმის გენის ჩაშენებას. ჩასაშენებელ გენს სპეციალური დანადგარის საშუალებით ხლეჩენ, რათა მეორე ორგანიზმის დნმ-ში მხოლოდ სასურველი თვისებები გადაიტანონ. ამ გახლეჩილ გენს პირდაპირ სვავენ მეორე ორგანიზმის დნმ-ში. როცა უჯრედში გენი წარმატებით მოხვდება, ვიღებთ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს.

მოკლე ისტორია

  მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცოცხალი ორგანიზმის გენომის არამდგრადობა. 70-იან წლებში ამერიკელმა ბიოლოგმა პოლ ბრეგმა დაიწყო სხვადასხვა ბაქტერიების დნმ-ის ხელოვნურად გაჭრა და სხვა ბაქტერიის დნმ-ში მოთავსება. მან მთელი მსოფლიოდან მოიფწვია ექსპერტები რათა ეს საკითხი გადაეწყვიტათ. კონფერენცია კი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს არანაირ საშინელებას არ გამოიწვევდა, რაც დღემდე ვერ უარყვეს.

  1977 წელს აღმოაჩინეს, რომ ბაქტერიიდან დნმ-ის სხვა მცენარის გენომში გადატანა შეიძლებოდა, მაგრამ, ბაქტერიებს ყოველთვის საჭირო გენი არ გადაჰქონდათ, ამიტომ სხვა გზის გამონახვა მოუწიათ მეცნიერებს. სპეციალურად ამისთვის არაერთი „გენური ქვემეხიც“ კი შექმნეს.

  1982 წელს კომპანია „Monsanto“-მ გენეტიკური ტრანსფორმაციის წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარა.

  გმო-პროდუქტების წარმოებამ 1990-იან წლებში მასშტაბური ხასიათი მიიღო, 1994 წლიდან კი გენმოდიფიცირებული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე მასობრივად გამოვიდა.

 

რითია გმო-პროდუქტების წარმოება კარგი?

  გენური ინჟინერია საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერ ორგანიზმს ჩვენს სასიკეთოდ შევუცვალოთ თვისებები, მაგალითად, შეგვიძლია რომელიმე ორგანიზმი გავხადოთ უფრო გამძლე: ასეთ მცენარეებს შეუძლიათ გაიზარდონ არასასურველ კლიმატურ პირობებში, მათ არ სჭირდებათ განსაკუთრებული პირობები, რაღაც განსაზღვრული სახის ნიადაგი, სინათლე, სინოტივე…

  გარდა გამძლეობისა, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ერთ-ერთი უპირატესობა სწრაფი ზრდაა. ფერმერს შეუძლია წელიწადში რამდენჯერმე აიღოს მოსავალი, თუ აქამდე მხოლოდ ერთხელ ახერხებდა ამ მცენარის ცუდი გამძლეობისა და ნელა ზრდის გამო.

  გარდა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებისა, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება პერსპექტიულია მედიცინის განვითარებისთვის. მაგალითად: მათ იყენებენ დაავადების აღკვეთისთვის ვაქცინის შემუშავებისას, მოდიფიცირებული ბაქტერიები ინსულინის გამომუშავებას ეხმარება, გენოთერაპიის მეთოდების მეშვეობით ნელდება დაბერების პროცესები, უკვე იკურნება რიგი დაავადებები… მაგალითად ჩინეთში მეცნიერებმა გამოიყვანეს გმო–ბრინჯი, რომელიც იისფერია. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ბრინჯს კიბოსა და დიაბეტისგან დაცვა შეუძლია.

  გენმოდიფიცირებული საკვების წარმოება ეკონომიკაზეც კარგად აისახება. საკმაოდ ცნობილი ამერიკული ახალი ამბების ვებსაიტის - „Vox“-ის ინფორმაციით, 2010 წლის კვლევის მიხედვით, გმო-პროდუქციის წარმოების ჯამური ეკონომიკური მოგება თანაბრად ნაწილდება თესლისა და ქიმიკატების მწარმოებელ კომპანიებზე, ფერმერებსა და მსოფლიოს მომხმარებლებზე. ამავე წყაროს ინფორმაციით, 2012 წელს გენმოდიფიცირებული მარცვლეულის მსოფლიო ბაზარი 14,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

  ვინაიდან ფერმერებს არ აქვთ ერთ წელს შეძენილი თესლის ორჯერ გამოყენების ან მოსავლიდან სხვა თესლის აღების უფლება და ამის გამო ყოველ წელს თავიდან უწევს მისი ყიდვა, თესლისა და ქიმიკატების მწარმოებელი ბიოტექნიკური კომპანიები ყოველწლიურად დიდ მოგებას ნახულობენ.

  ფერმერებს კი ახალი ჯიშის მცენარე დროსაც უზოგავს, სწრაფად მოყვანის საშუალებით, და ფულსაც, მაგალითად, პესტიციდების და ნიადაგის მოხვნის საჭიროების შემცირებით; ან, მოსავლის დაზიანების შანსების კლებით. ასევე ცნობილია, რომ გმ-მარცვლეულის მოყვანით დაკავებული ფერმერები, მოსავლის დაზღვევაზე ფასდაკლებებს ღებულობენ.

  რადგან გენმოდიფიცირებული მცენარეების მოყვანა ფერმერს ხარჯებს უმცირებს, მცირდება მიღებული პროდუქციის ფასიც. რაც, რა თქმა უნდა, მომხმარებლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. 2010 წელს ეროვნულმა კვლევითმა საბჭომ დაადგინა, რომ გმ-მარცვლეულმა საქონლის ფასი  2 პროცენტით შეამცირა.

 

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს გენმოდიფიცირებულმა საკვებმა?

  უკვე ათწლეულებია, მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მიირთმევს გენმოდიფიცირებულ საკვებს ყოველგვარი შემჩნევადი ეფექტის გარეშე, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ გმო-პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე არც ისე დიდი ხანია გამოჩნდა და ჯერ ბოლომდე მაინც არ არის გამოკვლეული, არსებობს სხვადასხვა უარყოფითი შედეგების რისკიც. გენურ ინჟინერიას შეიძლება ჰქონდეს ისეთი თანმდევი მოვლენები, რომლებიც მეცნიერებს ჯერ არ აღმოუჩენიათ.

  გარდა ამისა, გმო-საკვების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ალერგიები. კომპანიები ხშირად ტესტავენ ასეთ ორგანიზმებს სხვადასხვა ალერგენებზე, მაგრამ, ყველა ალერგენზე შემოწმება შეუძლებელია. ალერგიების გარდა, გენმოდიფიცირებულმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს: იმუნიტეტის დაქვეითება – ტრანსგენური ცილების მოქმედების შედეგად, ასევე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ადამიანის პათოგენური მიკროფლორის მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ, ადამიანის ორგანიზმში ჰერბიციდების დაგროვებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის შერყევა, ორგანიზმში აუცილებელი ნივთიერებების მოხვედრის შემცირება, ცალკეული კანცეროგენული და მუტაგენური ეფექტები – სხვა გენის შეღწევა ორგანიზმში და სხვა.

 მაგრამ, ჯერჯერობით ამ პროდუქტების უსაფრთხოების დამტკიცება ისევე შეუძლებელია, როგორც მათი ზიანის.

 

აუცილებელია თუ არა გმო-საკვების წარმოება მსოფლიოს დასაპურებლად?

 

  იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ათწლეულებია მსოფლიოს მოსახლეობა დღითი დღე ძალიან სწრაფად იზრდება და შეიძლება 2100 წლისთვის 11 მილიარდსაც კი გადააჭარბოს, შეიძლება ითქვას, რომ გენმოდიფიცირებული საკვების წარმოება აუცილებელია. რამდენიმე ათეულ წლიწადში შეიძლება ტრადიციული მეთოდით მოყვანილი მცენარეები და ასეთი გზით წარმოებული პროდუქცია საკმარისი არ იყოს ამხელა მოსახლეობის გამოსაკვებად და ყოველდღე საკვების არქონის გამო უფრო მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე ახლა. გმო-მცენარეების მოყვანა ბევრად უფრო სწრაფიცაა და უფრო მოსავლიანიც.  2010 წლის კვლევა ამტკიცებს, რომ გმ-ტექნოლოგია ფერმერებს საშუალებას აძლევს, ერთი ზომის მიწის ნაკვეთზე უფრო მეტი მოსავალი მიიღოს, რადგან გმ-თესლები სარეველებთან გამკლავებას ამარტივებს.

 თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ყველასთვის სამყოფი საკვების მოპოვების სხვა გზებიც არსებობს. მაგალითად ისეთები, როგორიცაა დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანა საკვების წარმოება-მოხმარებისას ან, ღარიბი ქვეყნების ფერმერების სასუქით და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა.

Comments