Skip to main content
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ცხოვრების ჯანსაღი წესი – ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? თუმცა მთავარი დეტალები ბევრს სათანადოდ არც კი აქვს გაცნობიერებული, მაინც ყველამ იცის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი ნომერი ამ უმნიშვნელოვანესი თემისთვის მიგვეძღვნა, მკითხველისთვის სასარგებლო რჩევების ფონზე კიდევ ერთხელ განგვემარტა ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის აუცილებლობა. ასე რომ, დაიწყეთ ახალი წელი ცხოვრების ახალი, ჯანსაღი წესით!
ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის დატვირთვის გაზრდა-ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრების გართულებით, ტექნოგენური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური თუ საომარი ხასიათის რისკთა მატებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური ძვრების მაპროვოცირებელ ფაქტორთა გამრავლებით. ასეთი მოსაზრებაც არსებობს: ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა (ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა), რომელიც უნდა ემყარებოდეს რელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურებოდეს ადამიანის ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას რეალურად გარემომცველ სამყაროში. ცხოვრების ჯანსაღი წესი – ეს არის შრომით, საოჯახო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა-მონაწილეობა. ვიწრო ბიოლოგიური თვალსაზრისით კი საქმე ეხება ადამიანის ფიზიოლოგიურ ადაპტაციურ შესაძლებლობებს როგორც გარესამყაროს ზემოქმედების, ასევე შინაგან სამყაროში განვითარებული ცვლილებების საპასუხოდ.
Comments
Post a Comment