შავი ზღვის წინაშე მდგარი მთავარი საფრთხეები
შავი ზღვის ეკოსისტემის დეგრადაციის პირველი ნიშნები გასული საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა. მას შემდეგ ეკოლოგიური ვითარება უფრო და უფრო გაუარესდა. მაგრამ დღეს ადამიანი უკვე მეტი შეგნებით ეკიდება გარემოს დაცვას: ნელ-ნელა მცირდება მავნე ზემოქმედება ეკოსისტემაზე და უმნიშვნელო, თუმცა იმედისმომცემი გაუმჯობესებაც შეინიშნება.
ნაოსნობის, თევზჭერისა და სამეურნეო საქმიანობის გარდა, შავი ზღვა წიაღისეულის მოპოვების, ტურიზმის, დასვენებისა და სამხედრო მიზნებისთვისაც გამოიყენება. გარდა ამისა, ურბანული განვითარება, მრეწველობა, ჰიდროელექტრო და ბირთვული ენერგიის გამოყენება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და ნიადაგის ათვისება დიდად ვნებს შავი ზღვის აუზსა და ფსკერს. შავი ზღვის ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის:
• ზღვის დაბინძურება (მყარი თუ თხევადი მავნე ნარჩენები).
• ზღვის ფსკერის, სანაპიროსა და მდინარეების ფიზიკური ცვლილებები
• ბუნებრივი რესურსების შეუქცევადი გამოფიტვა გადამეტებული ექსპლუატაციის გამო.
ხელოვნური დაბინძურება შავი ზღვის უმთავრესი ეკოლოგიური პრობლემაა, რომელსაც ქმნის საყოფაცხოვრებო, სამრეწველო, ატმოსფერული და მდინარეების მიერ ჩატანილი მავნე ნარჩენები, ასევე გემებიდან შეგნებულად თუ შეუგნებლად ჩაცლილი ნაგავი. შავ ზღვას საფრთხეს უქმნის ქიმიური (ორგანული მარილები, ნავთობპროდუქტები, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები და მიკროელემენტები) და რადიაქტიური ნივთიერებები, მყარი ნარჩენები და შემოჭრილი (არამკვიდრი) ცოცხალი ორგანიზმები.
Comments
Post a Comment